თბილისი, 10 მაისი – Sputnik. თბილისში 9-10 მაისს ბუნებრივი ღვინის ყოველწლიური ფესტივალი Zero Compromise იმართება.
ფესტივალი ტარდება ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
ორდღიან ფესტივალში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი 100-მდე ადგილობრივი და 25-მდე სხვადასხვა ქვეყნის მარნები, მათ შორის საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან და სლოვენიიდან.
ფესტივალის მონაწილე მარნების პროდუქციას გაეცნო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.
„ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და თანამედროვე მდგომარეობის წარმოჩენას, სამომხმარებლო კულტურის გაზრდას და ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ფესტივალში მონაწილე მევენახე-მეღვინეები თავიანთ ვენახებში სისტემურ პრეპარატებს, მინერალურ სასუქებს და ჰერბიციდებს არ იყენებენ, ღვინოს ყოველგვარი ინდუსტრიული დანამატების გარეშე ამზადებენ. სწორედ ასე დაყენებულ ღვინოს ეწოდება „ბუნებრივი ღვინო“ და ფესტივალიც იმ ადამიანებს აერთიანებს, ვინც ღვინოს ტრადიციული წესით აყენებს.
ფესტივალის ერთ-ერთი მიზანია ქართული ბუნებრივი ღვინის ცნობადობის გაზრდა და მსოფლიო ბაზრებზე მისი ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფესტივალს ყოველწლიურად სტუმრობენ ღვინის იმპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები და დარგის სხვა პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საქართველოს მარნების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გააცნონ ღვინოები პოტენციურ მყიდველებს.
ფესტივალს ესწრება ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი. ამასთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში, ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი ელის ფეირინგი ჩაატარებს სემინარს „კლიმატის კრიზისი და მისი გავლენა ბუნებრივ ღვინოზე”, დანიელი იმპორტიორი და ვიზიონერი სუნე როსფორტი სემინარს „რეგიონის ევოლუცია ბუნებრივი ღვინისთვის“, ხოლო ესპანელი სომელიე და ენოლოგი ნურია რენომი უძღვება ღვინის კუთხეს: „ემოციის განცდა ღვინოში ვენახიდან ჭიქამდე".