ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალშია - ვიდეო

ბუკმეკერები ნუცა ბუზალაძეს გამარჯვების მხოლოდ 1%-იან შანსს უწინასწარმეტყველებენ.
Sputnik
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. „ევროვიზია 2024“-ის ქართველი კონკურსანტი ნუცა ბუზალაძე ფინალშია.
ბუზალაძე წარდგა სიმღერით FireFighter. სიმღერის ავტორები არიან მაკედონელი პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და შემსრულებელი ადა სატკა. ეს კომპოზიცია მათ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს. კლიპში ბუზალაძესთან ერთად ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.
„მადლობა ევროპა, საქართველო, მიყვარხარ!“ - თქვა ნუცამ ცეცხლოვანი შოუს შემდეგ.
ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.
რაც შეეხება პირველ ნახევარფინალს, რომელიც 7 მაისს შედგა, ფინალში გადავიდნენ სერბეთი, პორტუგალია, სლოვენია, უკრაინა, ლიეტუვა, ფინეთი, კვიპროსი, ხორვატია, ირლანდია, ლუქსემბურგი.
ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია-2024" შვედეთის ქალაქ მალმეში იმართება, რადგან გასულ წელს გამარჯვებული შვედეთის წარმომადგენელი მომღერალი Loreen-ი სიმღერით Tattoo გახდა. კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება.
ნუცა ბუზალაძეს კონკურსებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ხუთი წლის ასაკიდან მღეროდა ანსამბლ „მართვეში“. 2020-2021 წლებში იყო რუსულ კონკურს Ну-ка, все вместе-ს ფინალისტი.
ნუცა ბუზალაძე თინეიჯერობის ასაკიდან წინ დიდი წარმატებით მიიწევს. ცნობილი მომღერალი პოპულარულ კონკურსებში უშიშრად გამოდის. არტისტი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე დიდი ხანია გაიცნეს. 2014 წელს მან გაიმარჯვა პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებლების საერთაშორისო კონკურსში „ახალი ტალღა", მონაწილეობდა კონკურსებში „ცეკვავენ ვარსკვლავები", „ერთი ერთში", თურქულ Voice-ში და ა.შ.
მაგრამ ყველაზე დიდ წარმატებას ბუზალაძემ მიაღწია პოპულარულ შოუ American Idol-ში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და პროექტის ისტორიაში პირველი უცხოელი მონაწილე გახდა. ის პროექტის საუკეთესო 12 კონკურსანტს შორის მოხვდა, თუმცა ტოპ-10-ში გადასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან მაყურებლის საკმარისი ხმები ვერ მიიღო. მაგრამ ფინალში ნუცამ მსოფლიოში ცნობილ მომღერალ კაილი მინოუგთან დუეტში იმღერა.
2023 წელს საქართველოს „ევეოვიზიაზე“ ირუ ხეჩანოვა წარმოადგენდა, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.