თბილისი, 9 მაისი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავი მიულოცა.
ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვლადიმირ პუტინმა მისალოცი გზავნილები აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ლიდერებს და ასევე, საქართველოსა და მოლდოვის ხალხებს გაუგზავნა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა აღვკვეთოთ და, რა თქმა უნდა, მოვუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს გადავცეთ მეგობრობისა და ერთმანეთის გვერდში დგომის ის დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელის ღირსეულად დაძლევასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა „რწმენა გამოთქვა, რომ დიდი სამამულო ომის წლებში გამოწრთობილი ძმური მეგობრული კავშირები ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის საიმედო საფუძვლად დარჩება“.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასი ადამიანი წავიდა, შინ 300 ათასამდე დაბრუნდა. საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისათვის საქართველოში 66 ვეტერანი ცხოვრობს, შარშან ეს რიცხვი 116-ს შეადგენდა.