თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის პირდაპირი მოწოდება ოპოზიციისადმი სახელმწიფო გადატრიალებისკენ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომლებიც 2024 წლის 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა.
სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ შეცდომა იქნება არჩევნებზე ზედმეტი იმედების დამყარება და აღნიშნა, რომ არჩევნები დროებითმა (გარდამავალმა, ტექნიკურმა) მთავრობამ უნდა ჩაატაროს. მსჯავრდებულ პრეზიდენტს მაგალითად აჯანყებული მაიდანი და ქვეყნიდან გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი მოჰყავს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს რომ არ მომხდარიყო, რუსეთი უკრაინას გადაყლაპავდა, როგორც ეს ახლა საქართველოს ემუქრება. გარდა ამისა, სააკაშვილმა საზოგადოება გაამხნევა სიტყვებით: „ხალხს დიდი ძალა აქვს“.
„ეს ავაზაკი ადამიანი ამ ზნეს არ შეიცვლის არცერთ შემთხვევაში. მისი დღევანდელი განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ იგი ოპოზიციას მოუწოდებს, ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს ბოდვა რას ნიშნავს სააკაშვილის სტილში? ეს ნიშნავს იმას, რომ 26 ოქტომბრამდე ამჟამინდელი ხელისუფლება, პარლამენტი, მთავრობა უნდა დაამხოს ოპოზიციამ სააკაშვილის დავალებით, გეგმით და მითითებით და მოვიდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.