ევროკავშირთან ურთიერთობაში ყველა სირთულე გადაილახება - პრემიერ-მინისტრი

პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ევროკავშირის გაფართოებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული სირთულეები გადაილახება და საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განცხადებაში.
საქართველოს არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ საქართველოს შემდგომი პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საფრთხის ქვეშაა, მიზეზი კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სურვილია მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
„დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულე, რომელიც დღეს ევროკავშირის განვითარებასთან და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, გადაილახება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს მთავარ პრიორიტეტად რჩება.
„ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა, თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ევროკავშირის წარმატებაში თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს!”- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
მან დასძინა, რომ ევროკავშირი ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპა დაეფუძნა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, რაშიც განსაკუთრებული როლი ევროკავშირმა და მისმა ინსტიტუტებმა შეასრულა. ხანგრძლივმა მშვიდობამ ევროკავშირს მისცა ეკონომიკის თანმიმდევრული განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.