„აზიიდან ევროპაში მშვიდობიანი ხიდის აფეთქება“ – პოლიტიკოსი აშშ-ის გეგმებზე

სანამ საქართველოში მშვიდობა იქნება, ჩინეთ-ევროპული პერსპექტივა ვაშინგტონისთვის პრობლემა იქნება, მიაჩნია პოლიტიკოსს.
Sputnik
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოში რადიკალიზაციის პროცესების პედალირება მიზნად ისახავს აზიიდან ევროპისკენ მიმავალი მშვიდობიანი ხიდის „აფეთქებას“ და ევროპა ამერიკაზე დამოკიდებული გახადოს, დაწერა სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.
მისი თქმით, აზია-ევროპის ყველა დამაკავშირებელი გზა აფეთქებულია და არავინ უწყის როდის დალაგდება სიტუაცია, გარდა ერთისა - ესაა კავკასიის დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის.
„სწორედ ამიტომაა ასეთი დიდი დარტყმის ქვეშ საქართველო და მცდელობას არავინ აკლებს, რომ ერთადერთი პერსპექტიული და მშვიდობიანი ხიდი აზიიდან ევროპაში აფეთქებულ იქნას , რათა მთელი ევროპა დამოკიდებული გახდეს აშშ-ზე“, - დაწერა ქადაგიძემ.
მისი თქმით, ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი გახდა ამერიკისთვის და სანამ საქართველოში სიმშვიდეა, მანამდე იქნება პრობლემა ჩინურ-ევროპული პერსპექტივები ვაშინგტონისთვის.
„ხოლო საქართველოში არეულობისა და ერთადერთი მშვიდობიანი დერეფნის აფეთქების შემთხვევაში, ყველანაირ აქტუალობას დაკარგავს ჩინეთის ძალისხმევა, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს აზია, ევროპასთან სრულფასოვან კავშირს. ასე რომ ვისაც საქართველოს ბედი გადარდებთ და ჭკუა შეგრჩენიათ, დაფიქრდით თუ რა მასშტაბის პროვოკაციებისთვის გიყენებენ“, - წერს ქადაგიძე.
საქართველოს ხელისუფლება უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს შუა დერეფნის განვითარებას. შია დერეფანი - ეს არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.