თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მაისაიასთვის 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. საქმე შეეხება 2009–2013 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ვახტანგ მაისაი 2009 წლის 5 მაისს თბილისში, საკუთარ ბინაში დააკავეს. მაშინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიტოლოგის დაკითხვის ჩანაწერი, სადაც ის დანაშაულს აღიარებს. მაისაია ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და 2010 წლის იანვარში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს. მუხლი, რომლითაც პოლიტოლოგი გაასამართლეს, იმავე წელს საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა.
სასამართლოს ძირითადი არგუმენტი იყო საქართველოს წინააღმდეგ უკვე არსებული საქმე, რომელშიც დამტკიცდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დამკვიდრებული იყო პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისტემური და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხორციელდებოდა ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან.
გარდა ამისა, ვახტანგ მაისაიასთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობდა მისი დაზიანებების ამსახველი საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებდა, რომ მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ ასევე დაადგინა ამავე მუხლის პროცესუალური ნაწილის დარღვევა და აღნიშნა, რომ არაადამიანური მოპყრობის შესახებ ჯერ კიდევ 2010 წელს მაისაის მხრიდან გაკეთებული განცხადების მიუხედავად, გამოძიება არაეფექტური იყო.
ციხის სკანდალი
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეყანაში ციხის სკანდალი აგორდა, რომელიც გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.
იმავე ღამეს, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებებში მომხდარი პატიმართა ცემისა და გაუპატიურების ამსახველი აუდიოჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგ ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 150-მდე საჯარო მოხელე.