თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები 2024 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას პროგნოზირებენ.
საქართველოში ტურიზმის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2019 წელს, როცა საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 9,4 მილიონს მიაღწია, საიდანაც ტურისტული 4,8 მილიონი იყო.
„ველით, რომ ტურისტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და 2024 წელს სრულად აღდგება. თუმცა, აზერბაიჯანის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა, შესაძლოა, 2019 წლის დონეს 2025 წლამდე არ დაუბრუნდეს“, - აღნიშნულია კომპანიის მიმოხილვაში.
ქვეყანამ 2019 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები 80,4%-ით აღადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 938,6 ათასი ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 11%-ით, 2019 წლის იანვარ-მარტთან შედარებით კი 6,4%-ით მეტია.
ანალიტიკოსების მონაცემებით, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს, რადგან აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტილია.
მკვლევარების აზრით, 2024 წლის პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობის კარგი მაჩვენებელი მიუთითებს 2024 წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავლების მდგრად ზრდაზე.
ანალიტიკოსების პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევს.
„ტურიზმიდან შემოსავალი 2019 წლის ნიშნულს 2022 წელს დაუბრუნდა, რაც დაკავშირებულია ტურისტების რაოდენობის უფრო სწრაფ აღდგენასთან და ინფლაციისა და ლარის გამყარების გათვალისწინებით მიგრანტების ეფექტთან“, - ნათქვამია კვლევაში.
2024 წლის პირველ კვარტალში საერთაოშიროს მოგზაურებიდან შემოსავლებმა 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
რაც შეეხება 2023 წელს, ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მლრდ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალმა 26,2%-ით გადააჭარბა 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებს.