თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2019 წელს თბილისში გამართულ აქციებზე მოხდა პარლამენტის შენობაზე ძალადობრივი შტურმი და პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისში 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დარბევის დროს დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი - კონვენციის ამ მუხლით აკრძალულია არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ დაზარალებულ პირებს მთლიანობაში 150 ათას ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქეთა სარჩელის ნაწილი, რომელშიც მოსარჩელეები ამტკიცებდნენ, რომ სახელმწიფომ ასევე დაარღვია ევროპული კონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც საქმის განხილვას ეხება.
2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ანტირუსული საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა და მანიფესტანტების სასტიკი დარბევით დასრულდა. შეტაკებების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. სახის არეში რეზინის ტყვიების მოხვედრის გამო რამდენიმე ადამიანმა თვალი დაკარგა.
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, არაორაზროვნად დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს მოხდა ძალადობრივი შტურმი და საქართველოს პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა. ევროპულმა სასამართლომ ასევე ცხადად დაადგინა, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის მიერ ძალის, მათ შორის სპეცსაშუალებების გამოყენება ძალადობრივი აქციის წინააღმდეგ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე ციტატა მოიყვანა:
21. 23:22 საათზე მრავალი პირი დემონსტრაციის წინა რიგებიდან ხელახლა შეუდგა ერთობლივ მცდელობას, ძალით გაერღვია პოლიციის კორდონი.
22. სხვადასხვა შეფასებით, 300-დან 1000 ადამიანამდე ცდილობდა ძალადობრივად გაერღვია პოლიციის კორდონი და იქცეოდა აგრესიულად.
23. შეტაკება წინა რიგების დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებმაც კორდონი მოაწყვეს პარლამენტის შენობის კიბესთან, გრძელდებოდა 23:55 საათამდე და მოიცავდა ინციდენტებს, როგორიცაა პოლიციის აღჭურვილობის გატაცება, სხვადასხვა ნივთის (წყლის ბოთლების, მაგრამ, ასევე, ქვების) სროლა პოლიციის წინააღმდეგ. ზოგიერთ ოფიცერთან მიმართებით ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა.
მისი თქმით, დასავლელი აქტორები იმეორებენ 2019 წელს დაშვებულ შეცდომებს, როდესაც ძალადობრივი დემონსტრაციები მშვიდობიანად მოინათლა, ხოლო პოლიციის კანონიერი ქმედებები ძალის მინიმალური გამოყენებით დაგმეს.
„გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება, ძალის მინიმალური გამოყენებით კი - დაგმო", - განაცხადა პაპუაშვილმა.
1 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე ძალოვანებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს იმ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის ეზოს ჭიშკრის გახსნას ცდილობდნენ. ძალის გამოყენება სამართალდამცავების მიერ დაგმეს ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა და დიპლომატმა. მათ შორის, ვინც დაგმო აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობა, იყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
სპიკერის თქმით, პოლიტიკური მოვლენების მიმართ ასეთი ზედაპირული და მიკერძოებული დამოკიდებულება მხოლოდ ზრდის პოლიტიკურ ძალადობას და აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.
„მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე მათ მცდარი დასკვნები გამოაქვთ, ეს აქტორები პასუხისმგებლობის აღებაზე არც კი ფიქრობენ“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით შექმნილი 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთმა პუნქტმა ხელი შეუწყო ორი დამნაშავის გათავისუფლებას და კანონდამრღვევებს ამნისტია შეახო.
მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას საქართველოში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შესახებ.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პარლამენტში წარმოდგენილ პარტიას ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება უნდა მოეხდინა, რომელიც შეეხებოდა 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებს.
პაპუაშვილის თქმით, ამნისტიამ კიდევ უფრო გაზარდა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.
„მოგვიანებით, ამნისტირებულმა დამნაშავეებმა ყველაფერი იღონეს, რაც კი შეეძლოთ, რომ ქართული ოპოზიციის რადიკალიზება მოეხდინათ და ამით უფრო დაემძიმებინათ პოლიტიკური პოლარიზაცია. ამ გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, „ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელი თავმჯდომარე, რომლის თავდების თანხა „ევროპის დემოკრატიის ფონდმა" (EED) გადაიხადა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს ის ფონდია, რომელიც უარს აცხადებს მისი ფინანსების სრულად გასაჯაროებაზე და რომლის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე რადიკალურები არიან.
პატიმრობიდან ასევე გათავისუფლდა ტელეკომპანია „მთავარი არხის" თანამფლობელი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრ გიორგი რურუას ძმა. ოპოზიციამ რურუას პოლიტპატიმარი უწოდა. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომელიც გამჭვირვალეს გახდის უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. მმართველი პარტიის განმარტებით, თანხების ნაწილი „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსებას ხმარდება. თბილისში აღნიშნული სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციებს 15 აპრილიდან მართავენ.