თბილისი, 8 მაისი— Sputnik. გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დატბორილ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოლო დღეებში მუნიციპალიტეტში მოსული კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები - რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.
„ნალექის მატებასთან ერთად, შესაძლოა, მდგომარეობის გართულება, შესაბამისად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია გორის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და მერიის კონტრაქტორი კომპანია, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვისა და საქართველოს მელიორაციის სამსახურების წარმოამდგენლები.