თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მსგავსი ზედაპირული განცხადებები და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას.
მილერის აზრით, აშშ-ის „უცხოური აგენტების შესახებ" კანონი „ძალიან განსხვავდება“ იმ ნორმისგან, რომელსაც საქართველოში განიხილავენ. მისი თქმით, „ამერიკული კანონი ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევა". როგორც სახდეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, იგი ქართულ კანონმდებლობასთან შედარებით, „ძალიან განსხვავებული რამაა“.
„სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში. გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალების ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით - არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.", - დაწერა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) რეესტრში შეყვანილია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია „ფორმულა".
„FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა". ალბათ, ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
2023 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას. დეპარტამენტის ინფორმაციით, სააკაშვილმა და გიული ალასანიამ ორი კომპანია - Akerman და GP International დაიქირავეს. ანგარიში კომპანიების ბოლო ექვსი თვის საქმიანობას ეხება.
მანამდე კი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილის კუთვნილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs-ის საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
დოკუმენტების თანახმად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში - 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლის პერიოდში ლობისტები აქტიურად ცდილობდნენ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნულ მომსახურებაში ლობისტურმა ჯგუფმა ჯამში 420 დოლარი მიიღო.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.