თბილისი, 7 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში დიდი ბრიტანეთის ელჩ ნაიჯელ კეისს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონის განცხადებასთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების შესახებ საპროტესტო ნოტა გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო Reuters-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კემერონმა კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ თითქოსდა უკრაინას აქვს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები ბრიტანული იარაღით განახორციელოს.
„ნაიჯელ კეისი გააფრთხილეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს ბრიტანული იარაღით მიიტანს, მოსკოვი უკრაინასა თუ მის ფარგლებს გარეთ მდებარე ბრიტანულ სამხედრო ტექნიკასა და ობიექტებზე დარტყმებით უპასუხებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ კემერონის მტრული თავდასხმა ეწინააღმდეგება ლონდონის გარანტიებს, რომ კიევისთვის გადაცემული რაკეტები არ იქნება გამოყენებული რუსეთზე თავდასხმისთვის.
ელჩს ასევე განუცხადეს, რომ კემერონის სიტყვები მიუთითებს სერიოზულ ესკალაციაზე და ადასტურებს ლონდონის მზარდ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში კიევის მხარეს. მას მოუწოდეს „დაფიქრდეს ასეთი მტრული ნაბიჯების გარდუვალ კატასტროფულ შედეგებზე და ასევე უარყოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პროვოკაციული განცხადებები".
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ლონდონი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მათ შორის იარაღისა და სხვა სახის სამხედრო დახმარების მიწოდებით.