მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

2 მაისს მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მდინარეში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა.
Sputnik
თბილისი, 7 მაისი— Sputnik. ხუთდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მესამე მოზარდის, საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს ცოტა ხნის წინ მდინარე ენგურში მიაგნეს.
2 მაისს მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარეში გადავარდა. ავტომობილში სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა - ერთი გოგონა და ორი ბიჭი. სამივე მათგანი სკოლის მოსწავლე იყო. ისინი თანასოფლელები და ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.
5 მაისსს ერთ-ერთი ახალგაზრდის მე-12 კლასელის ეკა ვიბლიანის ცხედარი მისმა ბიძამ იპოვა. მეორე მოზარდის, 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარი კი ადგილობრივებმა და მაშველებმა დღეს გამთენიისას ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამიმოზარდი სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.