თბილისი, 7 მაისი - Sputnik. გუდაურში თოვლის საფარის სიმაღლემ 10 სანტიმეტრს მიაღწია, სტეფანწმინდაში კი 8 სანტიმეტრს, განაცხადა სინოპტიკოსმა თამარ გულედანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მცირე თოვა მოსალოდნელია მომდევნო დღეებშიც.
„თოვლი მოვიდა გუდაურში, სტეფანწმინდის მიდამოებში. ეს მაისისთვის უჩვეულო ნამდვილად არ არის. ასეთი შემთხვევები ყოფილა სხვა წლებშიც. შემდეგ დღეებშიც შესაძლებელია მცირე თოვა მთიან რაიონებში. უფრო ჩრდილო მთიან რაიონებში“, - აღნიშნა გულედანმა.
თოვისა და ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონის გამო დღეს სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან კი შესაძლებელია თოვლი.