საქართველო დღეს გიორგობას აღნიშნავს

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
Sputnik
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ - დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერს და 6 მაისს.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ.
წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, ის მხედართმთავარი გახდა, თუმცა ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იმპერატორს განუდგა.
კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო მას მრავალი სატანჯველის დათმენა მოუხდა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრისა.
წმინდანს 303 წელს მოკვეთეს, როდესაც 30 წლის იყო. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანი, შუბით გველეშაპის განმგმირავი, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო გერბზე.
წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში, წლის ყველა დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წმინდა გიორგის 365 ლოცვა წარმოიშვა. გარდა ამისა, წმინდა გიორგის პატივსაცემად მის სახელზე საქართველოს ყველა რეგიონშია აგებული ტაძარი.