თბილისი, 6 მაისი – Sputnik. შეღებილი კვერცხის მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე უნდა შევინახოთ არაუმეტეს 2 საათისა, განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ექიმის თქმით, კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია და, რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია შენახვის პირობების მკაცრად დაცვა. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, კვერცხი არა მხოლოდ განსაკუთრებული ალერგენია, არამედ არსებობს მეორე საფრთხეც – ინტოქსიკაცია.
„სასურველია კვერცხი შეინახოთ არა მაცივარში კვერცხისთვის გამოყოფილ თაროზე, არამედ მაცივრის სიღრმეში, იქ ტემპერატურა გაცილებით დაბალია. ამასთან, უმჯობესია კვერცხი შეინახოთ პლასტიკის, ან მუყაოს ჩარჩოში, როგორც მაღაზიაში იყიდება. ეს არის იდეალური ადგილი შესანახად“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
ექიმის რჩევით, კვერცხი მაგრად უნდა იყოს მოხარშული, სასურველია იხარშებოდეს არანაკლებ 10 წუთისა.
ჩხაიძის თქმით, კვერცხის შემთხვევაში არსებობს ისეთი ინფექციის რისკი, როგორიც არის სალმონელოზი.
„ის შეიძლება იყოს კვერცხის ნაჭუჭშიც და კვერცხშიც. მისი მოხარშვის პირობები და ყველა ეს რჩევა ამ ინფექციას თავიდან აგვაცილებს. თუ კვერცხი გარედან არის დაბინძურებული, კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და საპნით“, – განაცხადა ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ დეკორატიული ფუნქციის მქონე კვერცხი ცალკე უნდა დავაწყოთ.
სალმონელოზი არის ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია Salmonella-ს გვარის ბაქტერიები. ყველაზე ხშირად ის მიმდინარეობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების დაზიანებით, მაგრამ აღწერილია მძიმე სისტემური პროცესის განვითარების შემთხვევები (სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანებით). დაავადება ყველგან არის გავრცელებული და ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება აღენიშნოს.
სააღდგომო დღესასწაულები საქართველოში წელს 14-დან 17 აპრილამდე გასტანს.