უდიდესი საუფლო დღესასწაულის ერთგვარი სიმბოლოა პასკა და შეღებილი კვერცხი. მორწმუნეები კვერცხს წითლად ღებავენ, რითიც გამოხატავენ კაცობრიობის ცოდვების გამო ქრისტეს დაღვრილ სისხლს.
კვერცხი დაბადების და აღორძინების, უხვი ნაყოფიერების და შობის, სიცოცხლის უკვდავების, სამყაროს შექმნის, ყოფიერების და მისი საიდუმლოების სიმბოლოა. გარედან უსულოდ გამოიყურება, შიგნით კი ახალი სიცოცხლე იღვიძებს. მასში მზიური ფრინველის — მამლის ჩანასახი იზრდება, რომელიც მზის სითბოს, სინათლეს, ბუნების გამოღვიძებას და ბნელი ღამის სუსხისგან გათავისუფლებას გვახარებს. სხვა სიტყვებით — კვერცხი არარსებობიდან ყოფიერებაში გადასვლის სიმბოლოს წარმოადგენს.
კვერცხის დარტყმის ტრადიცია
აღდგომა უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც ხალხში ყოველთვის უამრავი ტრადიცია ახლდა, მათ შორის - კვერცხის წითლად შეღებვა და სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმა, რასაც დღემდე ყველა ქრისტიანულ ოჯახში ასრულებენ.
გადმოცემის თანახმად, ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ.
მაცხოვრის მიმდევარი მარიამ მაგდალინელი საქადაგებლად რომში ჩავიდა. ის ქვეყნის მმართველ ტიბერიუსს წარუდგინეს. იმდროინდელი წესის თანახმად, იმპერატორთან წარდგენილს მისთვის ძღვენი უნდა მიეტანა. მარიამმა იმპერატორს კვერცხი უძღვნა და ახარა: ქრისტე აღდგა!
იმპერატორმა არ დაიჯერა მარიამ მაგდალინელის სიტყვები: „როგორც ეს კვერცხი ვერ გახდება წითელი, ისე მიცვალებულები ვერ აღდგებიან". მოხდა სასწაული, თეთრი კვერცხი წითლად შეიღება. მას შემდეგ წითელი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ არის მიჩნეული.
იმპერატორმა არ დაიჯერა მარიამ მაგდალინელის სიტყვები: „როგორც ეს კვერცხი ვერ გახდება წითელი, ისე მიცვალებულები ვერ აღდგებიან". მოხდა სასწაული, თეთრი კვერცხი წითლად შეიღება. მას შემდეგ წითელი კვერცხი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოდ არის მიჩნეული.
ეს მოვლენა გახდა იმის დასაბამი, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ.
რაც შეეხება კვერცხების დარტყმას, ევროპელმა მეცნიერებმა სცადეს, გაერკვიათ, საიდან მოდის და რას გულისხმობს ეს ტრადიცია.
მანამდე არსებობდა რამდენიმე ვერსია, მათ შორის:
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენს წინაპრებს სადღესასწაულო სუფრა ღმერთისთვის განკუთვნილ წმინდა ადგილად მიაჩნდათ, აქედან გამომდინარე, კვერცხების ერთმანეთზე მირტყმა, სიმბოლურად, ქრისტესთან მისალმებას უნდა ნიშნავდეს.
კიდევ ერთი ვერსია გვამცნობს, რომ სანამ კვერცხებს მიარტყამდნენ, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, მზად იყო თუ არა მათი ოჯახები თესვის დასაწყებად. ოჯახის უფროსს, რომლის კვერცხიც ტყდებოდა, ახალს აძლევდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს გაძლიერება სჭირდება.
ვერსიების შეგროვებისა და ძველი მითოლოგიის საკითხების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რიტუალი სრულიად სხვა, განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, რომ აღდგომა გაზაფხულის დღესასწაულია და სწორედ იმ დროს დგება, როცა ყინული ტყდება და მიწა გამოცოცხლებას იწყებს.
მეცნიერების აზრით, კვერცხების დარტყმის ტრადიცია სწორედ ყინულის ტყდომას და ხანგრძლივი ძილისგან გამოღვიძებას ნიშნავს. კვერცხის გატეხით თითქოს სიცოცხლეს ვათავისუფლებთ ყინულის მარწუხებიდან.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით