პაპუაშვილმა მოქალაქეებს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მიულოცა

საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 5 მაისს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
Sputnik
თბილისი, 5 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, აღდგომა ახალი გზის დაწყების, სათნოებისა და სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია.
„სრულიად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ამ უდიდეს დღეს მინდა თითოეულ მართლმადიდებელ ქართველს ვუსურვო სულიერი სიმტკიცე და მხნეობა, ჩვენ ქვეყანას კი – მშვიდობა და ერთიანობა”, -დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მორწმუნეთათვის აღდგომა ყველაზე დიდი საუფლო დღეა.
„მართლმადიდებლებისათვის ის სიცოცხლის მარადიულობის და ბოროტის სიკეთით ძლევის დასტურია. დასტურია იმისა, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ამარცხებს სიცრუეს და ფარისევლობას”, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.
საქართველო, რომლის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, 5 მაისს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.
აღდგომის ღამეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
სამებაში ღამით ასობით მორწმუნე შეიკრიბა, მათ შორის სახელმწიფოს პირველი პირებიც - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
აღდგომა უმთავრესი დღესასწაულია თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისგან დაიხსნა. მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთას მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა.