თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ორგანიზაციებმა, რომლებიც ქველმოქმედების მიზნით მაღაზიებიდან და კაფეებიდან შეწირულობის სახით პროდუქტების მიღებას შეძლებენ, ავტორიზაცია 2024 წლის 1 ივნისიდან უნდა გაიარონ.
ორგანიზაციებისთვის შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვადიანი და მოხმარებისთვის უსაფრთხო პროდუქტის გადაცემა, რომელთა ჩამონათვალიც საქართველოს მთავრობამ დაადგინა.
სიაში შესულია ბურღულეული, მარცვლეული, ჩაი, ყავა, უალკოჰოლო სასმელები, დაკონსერვებული საკვები, ბოსტნეული და ხილის პროდუქტები, სოუსები, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, მარილი, ძმარი, პური, ჩიფსები, სწრაფი მომზადებისა და გაყინული პროდუქტები.
საქველმოქმედო ორგანიზაციები ასევე შეძლებენ პურ-ფუნთუშეულის მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქციის დარიგება მოხდება მისი წარმოებიდან 24 საათის განმავლობაში.
ორგანიზაციებს აეკრძალებათ ალკოჰოლური სასმელების ან სახლის პირობებში დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის მიღება.
კომპანიებს შეეძლებათ ამ პროდუქტების პირადად ჩუქება ან სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციების ან სურსათის ბანკისთვის გადაცემა, რომლებიც ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები ჭარბი საკვების განაწილების ძირითადი ფუნქციით.
ავტორიზაციისთვის ორგანიზაცია უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც ბიზნეს-ოპერატორი, უნდა ჰქონდეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი და აკმაყოფილებდეს სურსათის შენახვისა და ნარჩენების გადამუშავების კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
ამასთან, ორგანიზაციას დანერგილი უნდა ჰქონდეს და განახორციელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურები, ჰქონდეს პროდუქციის სპეციალური საწყობები და ანგარიშგების სისტემა, ასევე წლიური გეგმა.
ავტორიზაციის გავლისთვის ორგანიზაციამ წერილობითი განაცხადით უნდა მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.
სააგენტომ განაცხადისა და სრულყოფილი დოკუმენტების წარდგენიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მაძიებელი ორგანიზაციის ინსპექტირება და ავტორიზაციის პროცედურების დასრულება.