წმინდა ცეცხლს საქართველოში წელსაც ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან.
Sputnik
თბილისი, 4 მაისი - Sputnik. წმინდა ცეცხლს, რომლის გარდამოსვლასაც ქართველი მორწმუნეებიც დაელოდებიან მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ისრაელიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" რეისით ჩამოიტანენ. თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დროით, 23:40 საათზე დაეშვება.
ცეცხლს თბილისის აეროპორტში მომლოცველები და სასულიერო პირები დახვდებიან და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაანაწილებენ ტაძრებში, საიდანაც მომლოცველებს მისი შინ წაღების საშუალება ექნებათ.
მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასწაული — მაცხოვრის საფლავის ტაძარში წმიდა ცეცხლის გარდამოსვლა ყოველწლიურად მართლმადიდებლური აღდგომის წინ, დიდ შაბათს ხდება. იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი1995 წლიდან ჩამოაქვთ.