თალაკვაძე: აშშ საქართველოს პირობებს უყენებს

საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს ულტიმატუმებით თანამშრომლობაზე, აღნიშნეს პოლიტიკოსებმა
Sputnik
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი დათქმები დაუყენა, ეს არ იყო დიალოგის წინადადება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადების კომენტირებისას.
დანიგანმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს აშშ-ში, სადაც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები უნდა განეხილათ, მაგრამ ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი თქვა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, რადგან არსებობდა დათქმა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეჩერდებოდა.
„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ იყო უბრალოდ მიწვევა და დიალოგის შეთავაზება, რომელზეც ჩვენ არასდროს ვამბობთ უარს - აქ იყო კონკრეტული წინაპირობები“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, პარლამენტი განიხილავს კანონს და ეს არ უშლის ხელს ორი ქვეყნის მაღალი დონის პოლიტიკოსებს ერთმანეთს შეხვდნენ და ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომელიც არის რეგიონში და ორი ქვეყნის დღის წესრიგში.
როდესაც მრავალი წელია, საქართველოს მთავრობის პირველ პირს აშშ-ში არცერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ჰქონია და ამ დროს მას იწვევენ ასეთი დათქმებით, ეს, რა თქმა უნდა, არასწორი დამოკიდებულებაა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა.
„ჩვენ ველოდებით ყოველგვარი დათქმების გარეშე იმ ხელშეკრულების დამტკიცებას, რომელსაც ეწოდება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება. ეს გულისხმობს ბევრ რამეს, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში მხარდაჭერას, უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ელემენტარულ პირდაპირ ფრენების დანიშვნას“, - განაცხადა სუბარმა.
დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში გაკეთებულმა არჩევანმა „ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროკავშირის განცხადება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებასთან გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამავე დროს, დანიგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი თავს ესხმის საქართველოს სუვერენიტეტის ყველაზე დიდ მხარდამჭერებს - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.