თბილისი, 3 მაისი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ოპონენტები სინამდვილეში ებრძვიან არა კანონს, არამედ საქართველოს სუვერენიტეტსა და ღირსებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„რატომ აფინანსებენ დასავლური ფონდები რუსეთიდან დაფინანსებულ ელენე ხოშტარიას. თან რუბლებს იღებს მოსკოვიდან, თან მისი ვითომ „ენჯეო“ დასავლური ფონდიდან ფინანსდება. სწორედ გამჭვირვალობის კანონი გაშიფრავს ამ ყველაფერს და ამიტომ ებრძვიან ასე გაშმაგებულები და გაგიჟებულები კანონს და სინამდვილეში გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად ისინი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ღირსებას ებრძვიან“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ხელისუფლების მტკიცებით, EED ფარულად აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებსა და პარტიებს საქართველოში. პარლამენტის სპიკერის თქმით, პარტია „დროას“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ელენე ხოშტარიამ დააარსა, აქვს ყალბი „ენჯეო“ „დროა“, რომელსაც, მათ შორის, ამერიკული და ევროპული წყაროები აფინანსებენ, და ის მთელი წლის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.
ადრე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის მთავარი პირობა იყო დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) და დემოკრატიის ევროპული ფონდის (EED) მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ორივე ფონდმა უარი თქვა ქართველი ხალხისთვის ინფორმაციის გამჟღავნებაზე, თუ რა პროექტებს აფინანსებენ საქართველოში.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ ეცდებიან მოქალაქეების პროტესტის შენარჩუნებას მანამ, სანამ მმართველი გუნდი ხელისუფლების გადაბარებაზე არ დაიწყებს მოლაპარაკებებს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს პროტესტი შენარჩუნდეს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ წაიღებს რუსულ კანონს, არ დაჯდება ჩვენთან და არ დაიწყებს მოლაპარაკებას ხელისუფლების გადმობარებაზე“, - აცხადებს ფარულავა.
გუშინდელი აქციის ოფიციალური ორგანიზატორები იყვნენ პოლიტიკური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, პარტია „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“. სწორედ მათ დააანონსეს რუსთაველზე აქცია გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.