თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოკლებულია ობიექტურობას და მხოლოდ ახალისებს ძალადობას ოპოზიციასთან ასოცირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული „ძალადობრივი ჯგუფების“ მხრიდან, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
2 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.
„საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოფიციალური თბილისი, როგორც აღნიშნულია, მიესალმება იმ ფაქტს, რომ საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„თუმცა, ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას. არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება” - წერია განცხადებაში.
უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ არ გაუკეთებიათ კომენტარი პარიზში დემონსტრაციების დროს ძალოვანების უხეში ქმედებებთან დაკავშირებით.
„აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პროტესტის ქრონოლოგია
აქციის მონაწილეებმა შეკრება საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან 1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყეს. დაახლოებით 18:00 საათიდან აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იმატა, მათ დაიწყეს ტერიტორიის შევსება როგორც პარლამენტის შენობის უკან, ისე მის წინ რუსთაველის გამზირზე.
პოლიცია 9 აპრილის ქუჩაზე კორდონში ჩადგა, როდესაც დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს პარლამენტის შენობა 20:00 საათზე სკანდალური კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უნდა დაეტოვებინათ. როდესაც ისინი წავიდნენ, ძალოვანებმაც დატოვეს ტერიტორია, რათა ადგილი დაეთმოთ საპროტესტო აქციისთვის.
თავის მხრივ, მომიტინგეების ნაწილმა, პოლიციის მოწოდების მიუხედავად, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის ეზოს ჭიშკრის მორყევა დაიწყო. პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტი ღამის 22 საათის შემდეგ არეულობაში გადაიზარდა.
შსს-ს ცნობით, აქციაზე მომიტინგეებმა გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 15 ჰოსპიტალიზებული მომიტინგის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ორ დღეში შვიდი დაშავებული პოლიციელის შესახებ განაცხადა.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ის უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.