„შეწყვიტეთ ტყუილები“ - თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უპასუხეს

დეპუტატის თქმით, გინება და შეურაცხყოფა ევროპული ღირებულება არ არის.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მეთიუ მილერის განცხადება არის შეუსაბამო და აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები გმობს „კრემლის მიერ ინსპირირებულ კანონპროექტს“. მისი თქმით, ამ კანონმა და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატო-ში წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, აღნიშნულია განცხადებაში.
„ნებისმიერი ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადება ისეთივე შეუსაბამოა, როგორც გუშინ ვაშაძის განცხადება იყო, რომელიც ტელეკამერებთან ამბობდა, მშვიდობიანი აქცია მიდისო და მის უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, სადაც იყვნენ ქვებით შეიარაღებულები მომიტინგეები, კარს აჯანჯღარებდნენ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
1 და 2 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის ეზოში ქვებს, ბოთლებს და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
დეპუტატის თქმით, გინება და შეურაცხყოფა ევროპული ღირებულება არ არის.
„რაც გუშინ იყო, ესაა ევროპული ღირებულება?! თუ მათი გადმოსახედიდან ეს ევროპული ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ამას ვებრძვით და თვითონ ევროპაც ებრძვის“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მსგავსი განცხადებები ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს აზიანებს.
„გამჭვირვალობას რომ ევროპული ღირებულების საწინააღმდეგოდ მონათლავენ, ეს აზიანებს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს... ყველამ თავი დაანებოს ტყუილების თქმას, ეს აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მილერის განცხადებას იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც აშშ საქართველოს უწევს, მაჭარაშვილის თქმით, თუ სანაცვლოდ მონობას მოითხოვენ, მაშინ საქართველო ამას ვერ დათანხმდება.
„ჩვენი ფსიქოლოგია, როგორც ჩანს, ვერ შეისწავლეს. ყველას მადლობას ვეუბნებით, რითიც გვეხმარებიან, მაგრამ თუ ამ დახმარებაში ისინი მონობას მოგვთხოვენ, ამას ვერ დავთანხმდებით. ის დახმარება თუ იმაში უნდათ, რომ ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ იყიდონ, ცეცხლი წაუკიდონ და საბოტაჟი მოახდინონ პარლამენტის კარზე, მაშინ უკან წაიღონ ასეთი დახმარება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.