თბილისი, 1 მაისი – Sputnik. თუ საზოგადოებას სურს, ხელისუფლება საქართველოში არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და არა გადატრიალებით და რევოლუციებით, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს აქციაზე, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ. დაშავებულთა შორის არის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციებით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან არსებულ რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ამავდროულად ყველამ უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
„მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო, ხელისუფლება იმოქმედებს და მოახდენს რეაგირებას კანონის ფარგლებში. ყველამ მინდა კარგად გაიაზროს, რომ არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ქვეყნის მტრებს სურთ რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და დესტაბილიზაცია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, რასაც სამართალდამცველების რეაქცია მოყვა.
„არაერთი მოწოდების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცავებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, დღეს გარკვეული ძალებისთვის მომგებიანია, რომ საქართველოს მართავდნენ არა პატრიოტები, არამედ აგენტები.
მოვლენათა ქრონოლოგია
აქციაზე ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაახლოებით 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვითარება აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
04:00 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. აქციის მონაწილეები დაახლოებით 05:30 საათზე დაიშალნენ.
სახალხო დამცველმა ძალოვანების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არამართლზომიერად მიიჩნია. შსს-მ კი განმარტა, რომ ეს გახდა საჭირო, რადგან აქცია შეკრებების და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ჩარჩოებს გაცდა და ძალადობრივი გახდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“.
ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიული წინააღმდეგია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა.