თბილისი, 1 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 807,7 მილიონი დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კორონავირუსის პანდემიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელმაც თანდათან აღდგენა 2021 წლიდან დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა, ამასთან 2022 წლის შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობის პიკი იყო.
ეროვნული ბანკის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში ტურიზმიდან შემოსავალი 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი კვარტლის შემოსავალი 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს 39,6%-ით აღემატება.
ვინ ხარჯავს ფულს
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს — 171,2 მილიონი აშშ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა | დანახარჯი, მლნ დოლარი | ვიზიტების რაოდენობა |
რუსეთი | 171,2 | 215 468 |
თურქეთი | 117,51 | 254 577 |
ევროკავშირი | 108,3 | 77 045 |
ისრაელი | 65,7 | 46 789 |
აზერბაიჯანი | 40,6 | 51 466 |
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებისგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 35,8%-ით, თურქეთის მოქალაქეებისგან – 22%-ით გაიზარდა, ასევე გაიზარდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან – 47,9%-ით.
ვიზიტები საქართველოში
საქართველოში 2024 წლის იანვარი-მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.
საქართველომ 2019 წლის მაჩვენებელი 80,4%-ით აღადგინა.
2024 წლის იანვარი-მარტი: ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
თურქეთი | 254,6 | 17,6 |
რუსეთი | 215,5 | -16,1 |
სომხეთი | 191,8 | 5,1 |
აზერბაიჯანი | 51,5 | 27,5 |
ისრაელი | 46,8 | 4,5 |
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან ტურისტული იყო 938,6 ათასი, რაც 2023 წლის იანვარი-მარტის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 6,4%-ით მეტია.
2024 წლის იანვარი-მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.