თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი კარგად არის ორგანიზებული და ხელისუფლების შესაცვლელად მკაცრ პროვოკაციებს ისახავს მიზნად, განაცხადა პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს აქციაზე, რომლის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ. დაშავებულთა შორის არის „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის საერთო ეროვნული, სპონტანური პროტესტი, როგორიც იყო 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც დემონსტრაცია იყო სრულიად მშვიდობიანი. ჩვენ კვლავ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, სააკაშვილის თანამოაზრეებს, როგორც ამ აქციის ლიდერებსა და „დირიჟორებს“. ვხედავთ, რომ მათ მზად აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაღაც ბარიკადები, ფარები, ანუ ეს არის კარგად დაგეგმილი, ორგანიზებული აქცია, რომლითაც უნდათ პროვოკაციების მოწყობა ხელისუფლების შესაცვლელად“, - განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, აქციებზე არ ჩანდნენ ახალი ლიდერები, რომლებსაც აქამდე პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეებს ხელმძღვანელობენ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც კარგად არიან მომზადებულნი და ორგანიზებულად მოქმედებენ, რათა ერთობლივი ძალებით მოაწყონ პროვოკაციები, დაანახონ საზოგადოებას, თითქოს პოლიცია და ხელისუფლება უხეშ ძალას იყენებს.
„ეს ადამიანები მუდმივად მუშაობენ „სურათის შესაქმნელად“, ისინი ისე იქცევიან, რომ მათმა ოპერატორებმა აღბეჭდონ, თუ როგორ „უსწორდება მათ პოლიცია“. პოლიციამ რომ ზომების მიღება დაიწყოს, ხომ საჭიროა შესაბამისი ქმედებები და ისინი ამას უზრუნველყოფენ: დაწყებული გინებათ, უხამსი ჟესტებით, დამთავრებული პოლიციელების მისამართით ქვების და ბოთლების სროლით. და როცა პოლიცია მოქმედებაზე გადავიდა, თურმე ეს საშინელი და მიუღებელია და მშვიდობიანი აქციის დარბევას წარმოადგენს“, - აღნიშნა მან.
ასევე, მამრაძის ინფორმაციით, ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით კვლავაც დიდი თანხები შემოდის, რის გამოც ოპოზიციას არ უჭირს მსგავს აქციებზე ხარჯების გაწევა.
მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება და უმჯობესი იქნება, ოპოზიციამ ეს დრო გამოიყენოს მიმზიდველი საარჩევნო პროგრამის შესაქმნელად და რეგიონებში წარსადგენად, რათა არჩევნებზე მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ კონკურენცია გაუწიოს.
მოვლენათა ქრონოლოგია
აქციაზე ვითარება პირველად მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაახლოებით 21:00 საათზე დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს.
ვითარება აქციაზე რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, მოშორდნენ პარლამენტის შესასვლელებს და ხელი არ შეეშალათ დეპუტატებისა და პარლამენტის თანამშრომლების გადაადგილებაში, თუმცა აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნები ესროლეს, მათ შორის პლასტმასის ბოთლები. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, სპეცრაზმი რამდენიმე მწკრივად განლაგდა და აქციის მონაწილეები პარლამენტის გასასვლელებს მოაშორა.
04:00 საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვება დაიწყეს. აქციის მონაწილეები დაახლოებით 05:30 საათზე დაიშალნენ.
სახალხო დამცველმა ძალოვანების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არამართლზომიერად მიიჩნია. შსს-მ კი განმარტა, რომ ეს გახდა საჭირო, რადგან აქცია შეკრებების და მანიფესტაციების კანონით დადგენილ ჩარჩოებს გაცდა და ძალადობრივი გახდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა შსს-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“.
ზურაბიშვილი, ისევე როგორც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიული წინააღმდეგია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებისა.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.