პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას უბრუნდება

წინა დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის 11-დან მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს
Sputnik
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გახმაურებული კანონპროექტის განხილვა განახლდა, ​​პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იკრიბებიან ამ ინიციატივის ოპონენტები, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ მედიებსა და ორგანიზაციებს რეესტრში რეგისტრაციას და დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 30 აპრილს დაიწყო და დაახლოებით ცხრა საათს გაგრძელდა. ამ ეტაპზე 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლის განხილვა დასრულდა. კანონპროექტი, სავარაუდოდ, 17 მაისს დამტკიცდება. გუშინდელი განხილვა საპროტესტო აქციის და მწვავე დებატების ფონზე გაიმართა.
„ისინი (ოპოზიცია - რედ.) ცდილობენ სპეკულაციურად შექმნან ისეთი ვითარება, თითქოს ვინმე არ პასუხობს კითხვაზე, პირიქით, ამდენი ხანია არც ერთი შინაარსობრივი შეკითხვა არ მოგვისმენია“, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობის მოთხოვნას ადგენს.
„ის ადგენს კრიტერიუმებს ქვეყანაში შავი ფულის შეღწევის თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად, რომელიც ლეგიტიმურობის ფარგლებს სცილდება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
იმავდროულად, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო ეს კანონი არ უნდა მიიღოს.
„დემაგოგიის გარდა, არცერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაცემულა. როცა ათიათასობით საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს ამ კანონს, როცა ამდენი ახალგაზრდა გამოდის თბილისში და ხელისუფლებას ეუბნება, არ მიიღოთ ეს კანონი, მხოლოდ ამიტომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ასეთი პოზიცია, რომ ეს კანონი გაიწვიოს“, - განაცხადა წითლიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს წუხანდელი აქციის მონაწილეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან, არ გასცდნენ კანონს. პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები სპეცრაზმელებსა და მომიტინგეებს შორის. აქციის მონაწილეები ქვებს და პლასტიკის ბოთლებს ესროდნენ ძალოვანებს, რომლებიც წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს იყენებდნენ.
1 მაისის ღამეს დაშავებულებს შორის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ექიმის თქმით, ხაბეიშვილს ცხვირის მოტეხილობა, თვალისა და წარბის დაზიანებები აღენიშნება. მას ოპერაცია ჩაუტარდა, ის უკვე გაწერეს კლინიკიდან. დღეს ის პარლამენტში ეტლით გამოცხადდა.
„რა თქმა უნდა, რთული ღამე იყო ამ ახალგაზრდებისთვის, ამ ბავშვებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო რთული იყო იმ ხალხისთვის, ვინც დღეს ხელისუფლებაშია. თვალი, რომელიც ამ მდგომარეობაში მაქვს, არ ვიცი, აქედან გამოვიხედავ თუ არა ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია ქვეყანამ გამოიხედოს თვალებიდან“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლება უსამართლოსთვის პასუხს აგებს.