თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება იმართება

ღონისძიებას საქართველოს პირველი პირები ესწრებიან.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. თბილისში, ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება იმართება.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
„დღეს მოვედი თქვენთან, რამეთუ თქვენ ხართ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სიმბოლო. ამ მიზანს ემსახურებით 33 წელია, იმავე მიზანს, რომელსაც ემსახურებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ჯარი 1918-1921 წლებში. ემსახურებოდნენ იუნკრები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოს უკლებლივ ყველა გუშაგი და რამაც დღემდე მოგვიყვანა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ჯარი ყოველთვის ურყევად იდგა ქვეყნის თავისუფლების სადარაჯოზე.
„ჩვენს ჯარზე, ჩვენს სამხედროებზე ზრუნვა და მათი ღვაწლის კიდევ უფრო დაფასება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვალდებულებაა. ყველას გილოცავთ ამ დღეს, რომელსაც განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნავთ. ეს დღე გეკუთვნით თქვენ, თითოეულ მამაც და პროფესიონალ სამხედროს, რომლებიც იცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, მშვიდობას და თავისუფლებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და გაძლიერებისკენ მიმართული მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეროვნულ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.