თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ზომები იქნება მიღებული.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დასრულდა პარლამენტის სხდომა, რომელზეც სკანდალური კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირება სცადეს, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
„მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, ნათქვამია განცხადებაში.
აქციის მონაწილეებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკების დროს ძალოვანებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პარლამენტთან სასწრაფო დახმარების მანქანაა მორიგეობს.
მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძეა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა არ შეისმინეს პოლიციის მოწოდებები პარლამენტის გასასვლელებთან მდებარე ტერიტორიის დატოვების შესახებ, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს უკან დაახევინა.
ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „მონებო“ და პერიოდულად იყენებენ უცენზურო გამონათქვამებს. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სკანდალური კანონპროექტის გაუქმებას ითხოვენ. ბევრი მათგანი აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა.