საქართველოს ნაკრების თავდამსხმელით „იუვენტუსი“ დაინტერესდა

მიქაუტაძემ „მეცის“ შემადგენლობაში ბოლო ოთხ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის „მეცის“ თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით ტურინის „იუვენტუსი“ დაინტერესდა, ინფორმაციას იტალიური გამოცემა Tuttosport-ი ავრცელებს.
ბოლო ოთხ მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა „მეცს“ ექვსი გოლით 6 ქულა მოუტანა და კლუბის გადარჩენისთვის ბრძოლაში ეხმარება.
„გიორგი მიქაუტაძის სახელი ისევ ისმის ევროპასა და ლიგა 1-ში. „აიაქსიდან” „მეცში“ იჯარით წასულმა თავდამსხმელმა სეზონის მეორე ნახევარში თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა… შედეგად, ის უკვე დიდი კლუბების, მათ შორის „იუვენტუსის“ ინტერესის სფეროში მოხვდა“, - წერს Tuttosport.
გარდა ამისა, ინსაიდერების ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელის შეძენაზე უარს არ იტყოდა არც „ნაპოლი“, სადაც მეორე სეზონია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი - ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.
გამოცემის ცნობით, „მეცს“ შეუძლია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში „აიაქსისგან“ გამოისყიდოს მიქაუტაძე 10 მილიონ ევროდ.
მიქაუტაძემ „აიაქსთან“ კონტრაქტს ხელი 2023 წლის აგვისტოში მოაწერა - „აიაქსმა" „მეცს" 16 მლნ ევრო გადაუხადა. მიქაუტაძის კონტრაქტი „აიაქსთან" 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.
მიქაუტაძეს „აიაქსის" შემადგენლობაში ექვსი მატჩი აქვს გატარებული და არცერთი გოლი არ გაუტანია.
მიქაუტაძე ლიონში დაიბადა. საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 23 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.
რაც შეეხება კლუბში მიღწევებს, გასულ სეზონში ქართველი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და „მეცი“ ლიგა 1-ში დიდწილად მიქაუტაძის გოლების წყალობით გადავიდა.