რატომ დააიგნორა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი საზეიმო სამხედრო ღონისძიებაზე?

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციას“ წარმოადგენს
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დააიგნორა და მის განცხადებებს შეუფერებელი უწოდა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სამხედროებს მიმართა და განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედებენ „ბნელი ძალები“, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დამორჩილებას და საზოგადოების გახლეჩას. მისი თქმით, ზოგიერთებს სურთ მოკავშირეების და პარტნიორების წარმოჩენა „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში ითრევს. ეს, ზურაბიშვილის თქმით, არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.
„ჩემს მისალმებაში შეგნებულად არ მოვიხსენიე წინა გამომსვლელი და ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის მაღალი თანამდებობისთვის. კონსტიტუციის წინაშე ფიცის გატეხვისთვის და ქვეყნის ღალატისთვის ღმერთის წინაშე აგებს ყველა პასუხს,“ - განაცხადა პრემიერმა.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“, „რადიკალურ ოპოზიციად" და „გლობალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ.
რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ესენი არიან გავლენიანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ჯარმა კარგად იცის ვინ არის ქვეყნის მეგობარი და ვინ არის მტერი. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 30 წელზე მეტია ქვეყანა და საზოგადოება გაერთიანებულია ერთი მიზნის გარშემო - ესაა ევროპული პერსპექტივა, როგორც ერთადერთი გზა დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარებისკენ.
„დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იმის ქადაგება დღეს, რომ მტერი მტერი არაა და მოყვარე და მოკავშირე, მოკავშირე არაა, იგივეა, რაც იმის უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ვინ თუ არა ქართულმა ჯარმა იცის, ვინ ჩაგვიტარა წვრთნები, ვინ მიიღო ჩვენი სტუდენტები სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში, ვინ გაგვამხნევა, როცა გვიჭირდა და როცა გვჭირდებოდა აღჭურვა და სხვა მრავალი რამ. დღესაც ვინ დგას ჩვენს გვერდში სწორედ იმ დროს, როცა ქვეყანა გზაგასაყარზეა და ყველაზე ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთოს - იყოს ან არ იყოს, რამეთუ თავისუფლების გარეშე ყოფნა არსებობა არაა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყველას ევალება მოძებნოს ერთიანობის გზა, აჩვენოს გამძლეობა, მხნეობა, შემართებისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი, ხოლო ვინც თესავს დაპირისპირებას და პროვოკაციას, ის საკუთარი ჯარისა და სამშობლოს წინააღმდეგაა, განაცხადა პრეზიდენტმა.
„ვინც ქადაგებს ერთობას, ის ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდობაზე დებს ფსონს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სიტყვა „ერთობა“, რომლითაც გასულ კვირას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჩაანაცვლეს სიტყვა „სარწმუნოება“ ფრაზაში „მამული, ენა, სარწმუნოება“, მმართველი პარტიის წარმომადგენლების უკმაყოფილებისა და კრიტიკის საგანი გახდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ტრიადიდან „სარწმუნოების“ ამოღებას ე.წ. ქართველი ლიბერალების მხრიდან ქართული ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლის მცდელობა უწოდა. კობახიძის თქმით, დღეს მათი თავდასხმების განსაკუთრებული სამიზნე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიაა.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.