კეზერაშვილი ოპოზიციას და „ენჯეოებს“ საარჩევნოდ 45 მლნ დოლარს გამოუყოფს - პრემიერი

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.
Sputnik
თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი გეგმავს 45 მილიონი დოლარის გამოყოფას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დასაფინანსებლად მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 2023 წლის ოქტომბერში კვიპროსში თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ოპოზიციური ტელეკომპანია Formula-ს დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს შეხვდნენ. დავით კეზერაშვილს ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონი ევროს გაფლანგვა (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
„რამდენიმე თვის წინ შედგა მაგალითად ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აქედან 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მლნ დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენებისგან.
„15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის NGO-ებისთვის გამოყოფილი ფული. საინტერესოა, ვნახოთ, რომელ 15 მლნ დოლარზე ჰქონდა საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ. ინიციატივას ეწინააღმდეგება დასავლეთიც, მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სწორედ გამჭვირვალობა წარმოადგენს ევროპული ღირებულებების განუყოფლ ნაწილს.
რაც შეეხება კეზერაშვილს, 2024 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ძებნილ ექს-თავდაცვის მინისტრს ამერიკის ვიზაზე უარი უთხრეს, რის გამოც ბიზნესმენმა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.
მუხლი, რომლის საფუძველზეც კეზერაშვილს ამერიკის ვიზაზე უარი ეთქვა, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან სწორედ კეზერაშვილი დგას.
ВВС-ს სკანდალური გამოძიება
ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია ВВС-მ 12 აპრილს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად, საერთაშორისო თაღლითური სქემის უკან ისრაელის მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი დგას.
გამოძიების მონაცემებით, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარზე მეტი თანხის მითვისებაზე.
BBC-ს ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა Solo Capitals, რომელიც, სავარაუდოდ, არის საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ნაწილი. ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც „მილტონის ჯგუფი".
BBC-ს მონაცემებით, იმ კომპანიებს შორის კავშირების კვლევისას, რომლებიც, სავარაუდოდ, ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობით იყვნენ დაკავებული, მუდმივად ფიგურირებდა ხუთი სახელი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, იოსებ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. ისინი მითითებული იყვნენ სავაჭრო პლატფორმა „მილტონის ჯგუფის" ან ტექნოლოგიური კომპანიების მხარდამჭერი დირექტორების სახით.
„პანამის დოკუმენტების" თანახმად (კონფიდენციალური დოკუმენტების გაჟონვა ახლანდელი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ფარული საკუთრების არსებობის შესახებ), ჭელიძე, გოგეშვილი, მგელაძე და ბენიმინი არიან დირექტორები ან მაღალი თანამდებობის პირები ოფშორულ კომპანიებში ან შვილობილ კომპანიებში, რომლებიც „მილტონის ჯგუფში" შედიან.
BBC ამტკიცებს, რომ ეს კომპანიები „მილტონის ჯგუფამდე" არსებობდნენ და მათ კვალს კეზერაშვილამდე მივყავართ.
იქვე ნათქვამია, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს რაიმე სახის პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონის ჯგუფის" მიმართ. მაგრამ ამ ჯგუფთან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდათ კეზერაშვილთან და მათ იცოდნენ, რომ მას ჯგუფთან კავშირი აქვს.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.