თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები მედიებისა და ორგანიზაციებისთვის რეესტრში რეგისტრაციის გავლას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს, შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტი 30 აპრილს სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას დაიწყებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, მეორე მოსმენა კანონპროექტის მუხლობრივ განხილვას დეპუტატების კითხვებით და თითოეული მუხლის განხილვას ითვალისწინებს. კანონპროექტში 11 მუხლია, რომელთა უმრავლესობა შეიცავს ოთხიდან ექვს პუნქტს ქვეპუნქტებით.
„არსად გვეჩქარება. ორი დღეც, სამი დღეც, რამდენიც არ უნდა დასჭირდეს, მივყვეთ ჩვეულებრივად, მუხლობრივად, არსად ვიჩქარებთ, გუნდის სახელით გეუბნებით... შეიძლება დასჭირდეს სამი დღეც, არანაირი პრობლემა არ არის, რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის გარშემო
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“. მათი საქმიანობა არ იზღუდება.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.