თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. დღეს პარლამენტში ვიზიტორთა შესვლა იზღუდება, იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - იგეგმება განხილვა სკანდალური კანონპროექტისა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
წუხელ გვიან ღამემდე თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვევას მოითხოვენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
„დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები... აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, - წერია განცხადებაში.
პარლამენტის შენობაში დაიშვებიან მედიასაშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.
დილიდან საკომიტეტო სხდომაზე სადავო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა იგეგმება. როდის უყრიან კანონს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, ჯერჯერობით უცნობია. პირველი მოსმენით კანონპროექტი 17 აპრილს მიიღეს.
ორშაბათს საღამოს პარლამენტთან კანონპროექტის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.