თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებაა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
დისკუსია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის წინ გაიმართა, რომელიც თბილისში 2-5 მაისს ჩატარდება.
„საქართველო პოზიციონირებს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება", - განაცხადა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე პროექტები, რომელთა მიზანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარება.
„ჩქაროსნული ავტომაგისტრალები, სადაც ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, ასევე რკინიგზა, ახალი პორტები და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ემსახურება ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ყველა ეს პროექტი არის იმ მრავალრიცხოვანი ინიციატივის ნაწილი, რომელიც რეგიონულ თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორისაა „შუა დერეფანი", „აბრეშუმის გზა" და სხვა ინიციატივები, რომელთა მთავარი მიზანი რეგიონული თანამშრომლობის გაზრდაა.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არის ფლაგმანი საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში, არის შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელი.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
„ეს პროექტი შემდეგ მიზანს ემსახურება: გვქონდეს პირდაპირი კავშირი ევროკავშირთან და ეს არის დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რათა განახორციელოს განახლებადი ენერგიის ექსპორტი ევროკავშირში. თუ თქვენ ნახავთ ელექტროენერგიის გენერაციის კომპონენტებს საქართველოში - 80%-ზე მეტი მწვანე და განახლებადია და ძირითადად, ჰიდრო და ქარის ენერგომატარებლებიდან მოდის“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში, საქართველოში ენერგეტიკის სექტორის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით, შემუშავებულია განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.