თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრებში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს, ორი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, მიღწეული წარმატების შედეგად საერთოგუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.
ხორვატიის დედაქალაქში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი 25-28 აპრილის პერიოდში ტარდება. ზაგრებში 15 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა - ცხრა მამაკაცი და ექვსი ქალი. სულ კონტინენტის პირველობაში 47 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ძიუდოისტი მონაწილეობს.
შეჯიბრის პირველ დღეს გუნდს ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუტანეს.
ვერცხლის მედლებს მძიმე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დაეუფლა - ორივე ძიუდოისტი ფინალში რუს მეტოქეებთან, მატვეი კანიკოვსკისთან და ინალ ტასოევთან დამარცხდნენ, რომლებიც ჩემპიონატში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ.
ბრინჯაოს მედლები ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონების - ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) და ლაშა ბექაურის (90 კგ) ანგარიშზეა.
რაც შეეხება გუნდურ შეჯიბრებებს, ისინი 28 აპრილს გაიმართება.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე (26 ივლისი - 11 აგვისტო) ქართველი ძიუდოისტები აბუ-დაბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 19-23 მაისს გაიმართება.
გასულ წელს მონპელიეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა - ფინალური შეჯიბრებებში წარუმატებლად იასპარეზეს ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა.