საეკლესიო კალენდარი: 28 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აპრილს წმიდა მოწამე სუქიას და მისთანა 16 ქართველის, ასევე წმიდა მოწამე საბა გუთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
სუქია და 16 ქართველი
წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.
სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა.
ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.
სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.
ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი.
წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.
წმიდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ.
ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს. ეს მოხდა ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს).
საეკლესიო კალენდარი: 27 აპრილი
საბა გუთელი
საბა (+372) წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის.
ნათელღების შემდეგ წმიდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას.
გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ შეინანეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი.
წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემს მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“.
სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და გაუშვა.
დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი - ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოზმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა პრესვიტერი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, პრესვიტერი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?“ დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს.
ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ.
წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იური სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით