თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ქართველი ხალხი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის უფლებას არავის მისცემს, განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით კომენტარისას.
25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„მინდა ევროპარლამენტზეც ვთქვა - ქვეყანაში უკვე მესამე რევოლუციის მცდელობაა, მაგრამ მაგას ვერავინ მოესწრება. ჩვენ, ქართველებმა უკვე ჭკუა ვისწავლეთ და ასეთ რამეს არავის არ გავაკეთებინებთ", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, საქართველოს არ სჭირდება არც რუსული, არც ფრანგული და არც რომელიმე სხვა ქვეყნის კანონი.
„მინდა, ისე ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ქართველებს სურთ“, - განაცხადა მეუფემ.
სასულიერო პირის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შეკრებილ ადამიანებს სურთ, რომ თბილისის ცაზე ლგბტ დროშა აფრიალდეს.
„ვერასდროს ვერავინ ეღირსება მაგას, ეს საქართველოა და რაც არ უნდა ძლიერი ქვეყნები იყვნენ, ყველამ გაითვალისწინოს", - განაცხადა მეუფემ.
საქართველოს საპატრიარქომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ზეწოლა უწოდა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი აქტიურობისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოყენება კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისა და მავნე იდეოლოგიების გასაძლიერებლად ყველასთვის საზიანო იქნება.
საქართველოს ხელისუფლებამ მარტის ბოლოს დააანონსა ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის გეგმები, აპრილის დასაწყისში კი პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. არგუმენტად დასახელდა ოჯახური ღირებულებების და მომავალი თაობის დაცვის აუცილებლობა ფსევდო-ლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.