თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ლევილის ქართულ მამულში 24-26 მაისის პერიოდში ფართომასშტაბიანი ფესტივალი მრავალი კულტურული ღონისძიებით ჩატარდება წელს ფესტივალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება, ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლევილის ქართული მამულის ისტორია 1921 წელს იწყება. ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და თავშესაფარი საფრანგეთში ჰპოვა, სადაც ეს მამული შეიძინა. მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
ლევილის მამულში ფესტივალი 2023 წელს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით დაწესდა. ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს შორის.
წელს ფესტივალის პროგრამა მოიცავს საქართველოს კამერული გუნდის (დირიჟორი ს. ჟანგულაშვილი) და სოპრანო იანო ალიბეგაშვილის კონცერტებს, ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის მასტერ-კლასს, მხატვარ გიორგი რურუას კერამიკული ნამუშევრების გამოფენას, ცხინვალის დრამატული თეატრის (რეჟისორი გ. . კაპანაძე) სპექტაკლს „მარო მაყაშვილის დღიური“ და სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტს.
ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებათ ქართველ მორაგბეებთან: გიორგი ნემსაძესთან, გიორგი მიქელაძესთან, სერგი აბრამიშვილთან, ვასილ კაკოვინთან, გიორგი ცუცქირიძესთან, გურამ გოგიჩაშვილთან და გიორგი ხარაიშვილთან შეხვედრა.
ფესტივალის ლიტერატურულ ნაწილში დაგეგმილია „ანას" პრემიის ლაურეატთან, პოეტ ირმა ბერიძესთან მკითხველის შეხვედრა.
ლევილის მამულის ისტორია
პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წევრებმა — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ "მორალურ ანდერძში" დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.
ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII-ის სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.
ამჟამად ლევილში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მამულის ტერიტორიაზე 2026 წლის სექტემბრამდე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები, რითაც საქართველო ევროპაში შეიძენს მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს და გააგრძელებს დიდ ტრადიციას, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა და წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი.