შსს-ს თანამშრომელს მოქალაქის იძულებას ედავებიან

დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმში 7 თებერვალს თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოგვარების მიზნით, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული.
ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ავტომობილიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.
სამართალდამცველი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა. დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.