გადაწყვეტილება ოფშორულ თანხებზე: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა

დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა, ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ქართული კომპანიებიდან თანხების ოფშორებიდან გატანისას არ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას ან ფულის გათეთრებას, კრიტიკოსებმა არ უნდა მიაყენონ ზიანი ქვეყნის საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების შემოღებას საქართველოში ოფშორული ანგარიშებიდან თანხების შემოტანისას. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები.
„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მარეგულირებლის მონაცემებით, მსგავსი ტიპის ყველა ტრანზაქცია მკაცრ შემოწმებას გადის.
„ამდენად, აღნიშნული ცვლილება არ გამოიწვევს პროცესების ცვლილებას საფინანსო სისტემაში, სახსრების წარმომავლობისა და კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა მოხდება იმავე მაღალი სტანდარტებით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ქართულ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ანგარიშგების, გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები.
„საფინანსო სისტემაში მოქმედებს შიდა სისტემები და კონტროლის ისეთი მექანიზმები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ასევე სანქციებისთვის თავის არიდების რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებლის მონაცემებით, დღემდე არ დაფიქსირებულა სანქცირებული პირის მიერ ტრანზაქციის შესრულების არცერთი შემთხვევა.
როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით განხორციელებულ ზომებს მაღალი შეფასება მისცა.
„ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია SWIFT-შეტყობინებების (ჩარიცხვა/გადარიცხვების) სკრინინგის მექანიზმების და იმპორტ-ექსპორტსა და რეექსპორტთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესწავლის გაიდლაინები, რომელთა შესაბამისადაც ოპერირებენ კომერციული ბანკები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მარეგულირებელი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო გადარიცხვები ევროპისა და ამერიკის უმსხვილესი საკორესპონდენტო ბანკების მეშვეობით ხორციელდება, რაც ადასტურებს, რომ საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები სტანდარტების სრული დაცვით, გამჭვირვალედ და არსებული რეგულაციების შესაბამისად ოპერირებენ.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ისევე, როგორც მთლიანად საბანკო სექტორი მომავალშიც პროაქტიულად განაგრძობს ყველა საჭირო ზომის დაცვას, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გაძლიერებისთვის აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1 იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის თანახმად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1 იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.