თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. რუსთავის კერძო პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც დეპორტაცია ემუქრებოდა, ფულის სანაცვლოდ ყალბი ცნობა დაუმზადეს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს და ერთი ამხილეს.
გამოძიების ინფორმაციით, კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.