ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების მოპარვა: საქართველოში ოთხი ქართველი დააკავეს

სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს - ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. საქართველოში დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი, რომლებმაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან მე-18-19 საუკუნეების ასობით წიგნი მოიპარეს, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს პროკურატურამ ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.
უწყების ცნობით, ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად იღებდნენ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნების, შემდეგ კი ორიგინალს მაღალი ხარისხის ასლებით ანაცვლებდნენ.
სამართალდამცველებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.