პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

სასამართლომ 12 აპრილს გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტს ხელი მოაწერა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გრიგორიადისის შეწყალება, რომელსაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისა და ავტომობილის დაწვისთვის 12 აპრილს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, პრეზიდენტმა უფრო ადრე გადაწყვიტა, მაგრამ სასამართლოს განაჩენს ელოდებოდა.
საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტის მიერ გრიგორიადისის შესაძლო შეწყალების შესახებ განცხადების გაკეთებისთანავე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ასრულებდა ოპოზიციის დავალებას და, ფაქტობრივად, მან თავად ესროლა „მოლოტოვის კოქტეილი“ პოლიციას.
ადვოკატები და გრიგორიადისის ოჯახის წევრები, მის გათავისუფლებას ელოდებიან.
12 აპრილის განაჩენი გრიგორიადისთვის მეორე იყო. 2023 წლის სექტემბერში მას მამაზე ძალადობის ფაქტზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.
საქმის დეტალები
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
გრიგორიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ზურაბიშვილს განცხადებით, მას მიმართეს მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმაც და გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავება სთხოვეს.
დღეისათვის გრიგორიადისი პოლიციელებზე თავდასხმის საქმის ერთადერთი პატიმრობამისჯილი ფიგურანტია.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც არაერთხელ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.