თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დაანონსებული „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის მხარდამჭერი აქცია არ უნდა ჩაითვალოს კონტრაქციად, რადგან მის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა ქვეყნის ღირსების დაცვა, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.
მმართველი პარტია 29 აპრილს საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებს - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდამჭერი სახალხო შეკრება თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
„ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კონტრაქციად... ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ არსებობს ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონს, როცა სამშობლოს ღალატობენ და რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ღირსება უნდა იყოს დაცული. აქციაზე ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დაგეგმილ აქციას კონფრონტაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის ემზადება. მანამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ აქციაში არც ერთი ადამიანი, იქნება ის საჯარო მოხელე თუ არა, არ მიიღებს მონაწილეობას საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
ამასთან, ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ყველა დაინახავს თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას".
„თუ აღმოჩნდება, რომ 100 ათასი ადამიანი ნებაყოფლობით გამოდის ქუჩაში და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", მაშინ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია არასწორი იქნება თავის შეფასებებში. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ 20 ათასი ადამიანი გამოვიდა და ისიც, ძირითადად, სხვადასხვა საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები და ა.შ., მაშინ ეს აქცია პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს“, - აღნიშნა რაქვიაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.