საეკლესიო კალენდარი: 24 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 აპრილს მღვდელმოწამე ანტიპას, ასიის პერგამის ეპისკოპოსის (დაახ. 68); მოწამეთა: პროკესისა და მარტინიანესი (I); ღირსი ფარმუთიოსის (IV); ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა, პერღამის ეპისკოპოსი
ანტიპა პერღამელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე, პერღამის ეპისკოპოსი იყო იმპერატორ ნერონის დროს. იმპერატორის ბრძანებით ყველას, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა, სჯიდნენ ან ასახლებდნენ. წმიდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველიც გადაასახლეს კუნძულ პატმოსზე.
წმიდა ანტიპამ თავისი მაგალითით, მტკიცე სარწმუნოებით და მოუღლელი ქადაგებით მიაღწია იმას, რომ პერღამის მცხოვრებლებმა თავი დაანებეს კერპთმსახურებას.
განრისხებულმა ქურუმებმა წმიდა მღვდელმოწამე ანტიპა შეიყვანეს არტემიდეს ტაძარში და ჩააგდეს გახურებულ სპილენძის ხარში, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ ხოლმე. წმიდანი ხმამაღლა ლოცულობდა, უფალს ევედრებოდა, მიეღო მისი სული და განემტკიცებინა ქრისტიანთა რწმენა. წმიდა ეპისკოპოსი მშვიდობით აღესრულა, თითქოს მიიძინაო.
ღამით მღვდელმოწამის ცეცხლისგან შეუმუსრავი ცხედარი ქრისტიანებმა აიღეს და პატივით დამარხეს პერღამში. წმიდა ანტიპას აკლდამასთან მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
წმიდა მოწამენი: პროკესი და მარტინიანე
წმიდა მოწამენი: პროკესი და მარტინიანე წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში. პროკესი და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებას და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. როცა წმიდა მოციქული პეტრე ჩაამწყვდიეს მამერტინის ციხეში, პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელიღეს და იგი საპყრობილედან გაანთავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინმა შეიტყო ეს ამბავი და ახალნათელღებულებს მოსთხოვა ქრისტეს უარყოფა. მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება პავლინის ბრძანებით წმიდანები სასტიკად ცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მალე პავლინს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინის შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავი მოჰკვეთეს.
ღირსი ფარმუთი
ღირსი ფარმუთი ცხოვრობდა IV ს-ში. იგი უდაბნოში მოღვაწეობდა და იქ მცხოვრებ განდეგილ მამებს ემსახურებოდა. უდაბნოს მღვიმეში მოღვაწე იოანესთან საზრდელი წმიდა ფარმუთიოსს მიჰქონდა. ფარმუთიოსი მშვიდობით აღესრულა განდეგილობისა და ძმათა მსახურების ღვაწლით გაბრწყინებული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით