პაპუაშვილმა ევროპარლამენტარების ბრალდებებს მწვავედ უპასუხა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ ღირებულებებს.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტართა გარკვეულ ჯგუფს მიაჩნია, რომ ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება ის, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ხელისუფლება მხარს არ უჭერს კრიმინალებს და დგას კანონისა და წესრიგის მხარეზე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ ევროპარლამენტარების მიერ ინიცირებული რეზოლუციის პასუხად.
ევროდეპუტატების ნაწილმა გუშინ რეზოლუციის პროექტი დააინიცირა, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონს, სანქციების შემოღებას. გარდა ამისა, გაკეთდა განცხადებები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ასევე გაისმა მუქარები სადავო კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
„ვროპარლამენტარების ეს ჯგუფი როცა გველაპარაკება, რომ ჩვენ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით, გულისხმობენ იმას, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ციხეშია. თურმე, ამას რომ ვაკეთებთ, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროპარლამენტართა გარკვეული ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია ყოველგვარ ღირებულებებს.
„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ევროდეპუტატების გამოსვლა გახდა ერთგვარი ჟანრის კლასიკა, ვიზუალიზაცია იმისა, თუ როგორ ესმით ევროპული ღირებულებები ცალკეულ ჯგუფებს ევროპაში.
„ვგულისხმობ იმ დეპუტატებს, რომლებიც იქ იდგნენ, ბრიფინგზე ხომ არ იდგა მთელი ევროპარლამენტი?", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაციები, პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში აღნიშნული კანონპროექტი, საპროტესტო აქციების ფონზე, უკან გაიწვია.
ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, ამტკიცებენ, რომ იგი საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ სიბრტყეზე აყენებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლების ოპონენტები სკანდალურ კანონპროექტს „რუსულს“ უწოდებენ და თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.