თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომანქანის მართვის ორი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 362-ე მუხლით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება), რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.