თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ დელიმიტაცია ტავუშის ოლქიდან და 1 ივლისამდე დაასრულონ შეთანხმება დელიმიტაციის კომისიების ერთობლივი საქმიანობის შესახებ რეგულაციების პროექტზე.
„საქართველო დაინტერესებულია რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფით და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ორ მეზობელს შორის მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ერევანსა და ბაქოს შორის გაფორმებული შეთანხმებებით უკმაყოფილო ტავუშის საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობა სომხეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშორის გზაზე საპროტესტო აქციებს მართავს, იუწყება „Sputnik-სომხეთი".